Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

საერთაშორისო განაცხადის (PCT) შეტანა საქართველოში

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხი საერთაშორისო დონეზე უაღრესად მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში და ამ ხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ჰარმონიზებულია საერთაშორისო და ევროპულ კანონმდებლობასთან.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა შესაძლებელია თქვენს მიერ არჩეული ქვეყნის საპატენტო უწყებაში ეროვნული და/ან რეგიონალური განაცხადის შეტანის მეშვეობით ან საერთაშორისო განაცხადის შეტანის გზით საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად.

PCT არის საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და მის ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო). აღნიშნული შეთანხმება საშუალებას იძლევა მოითხოვოთ გამოგონებაზე პატენტის დაცვა ერთდროულად ბევრ ქვეყნაში ერთი საერთაშორისო საპატენტო განაცხადის შეტანის გზით, რამდენიმე ცალკეულ ეროვნულ ან რეგიონულ საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანის ნაცვლად.

PCT პროცედურა ითვალისწინებს განაცხადის განხილვის ორ ფაზას:

  • საერთაშორისო ფაზა
  • ეროვნული ფაზა

საერთაშორისო ფაზა ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:

საერთაშორისო განაცხადის წარდგენას ე.წ. „მიმღებ უწყებაში“. მიმღები უწყება შეიძლება იყოს მონაწილე ქვეყნების ეროვნული ან რეგიონული საპატენტო უწყება ან ე.წ. „საერთაშორისო ბიუროში“ (ისმო, ჟენევა).

საერთაშორისო განაცხადი გაფორმებული უნდა იყოს PCT-ს მოთხოვნების თანახმად, მოცემული მიმღები უწყების მიერ დადგენილ ერთ-ერთ ენაზე. როგორც წესი ასეთია ენა, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო ძიება და გამოქვეყნდეს საერთაშორისო განაცხადი.

საქპატენტში საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. საერთაშორისო განაცხადის ბლანკი უნდა შეივსოს ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

ქაღალდის ფორმატში საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება 3 ეგზემპლარად.

საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, PCT განაცხადი საქპატენტში შეიტანონ ელექტრონულად, ePCT პლატფორმის გამოყენებით.

საერთაშორისო განაცხადის შეტანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათი საერთაშორისო შეტანის საფასურზე (International Filing Fee), ქაღალდზე შეტანილ განაცხადთან შედარებით.

გამოგონების ან სასარგებლო მოდელის განცხადების ბლანკის შევსება და საქპატენტში წარდგენა ან შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება საქპატენტის ელექტრონული განცხადების სისტემაში.

საერთაშორისო საძიებო უწყება (ISA) ატარებს საერთაშორისო ძიებას და გამოავლენს იმ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტებს და ტექნიკურ ლიტერატურას, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ გამოგონების პატენტუნარიანობაზე და ამზადებს დასკვნას გამოგონების პატენტუნარიანობის შესახებ.

განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ ხდება საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება, რის შედეგადაც იგი ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.

განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყება (IPEA) ატარებს პატენტუნარიანობის დამატებით ანალიზს, როგორც წესი, განაცხადის შეცვლილი ვერსიის საფუძველზე.

საერთაშორისო განაცხადი, გაივლის რა საერთაშორისო ფაზის დადგენილ პროცედურებს - განაცხადის წარდგენას, საერთაშორისო ძიებას, საერთაშორისო გამოქვეყნებას, წინასწარ ექსპერტიზას (განმცხადებლის მოთხოვნით), განაცხადის შეტანის თარიღიდან ან პრიორიტეტის თარიღიდან 31 თვის შემდეგ შესაძლებელია ეროვნული პატენტის გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე მისაღებად ეროვნული ფაზის დაწყება საქპატენტში.

PCT ეროვნული ფაზა

საქპატენტში ეროვნული ფაზის დაწყებიდან 2 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს განაცხადის თარგმანი ქართულ ენაზე.

თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

ტექნიკის დონის განსაზღვრის საფასურზე გათვალისწინებულია 50%-იანი შეღავათი, თუ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო საძიებო უწყების წერილობითი დასკვნის WO/ISA (PCT ფორმა 237) და წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნის IPER (PCT ფორმა 409), ასეთის არსებობის შემთხვევაში, თარგმანი ქართულ ენაზე.

საერთაშორისო განაცხადზე ეროვნული ფაზის საქპატენტში დაწყების შემდეგ, განაცხადი გადის იმავე პროცედურას, რასაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პროცედურით საქპატენტში წარდგენილი განაცხადი.

კომპანიის "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების წარდგენის საკითხებთან დაკავშირებით პატენტრწმუნებულებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს საქმის წარმოების დროს მიღებული ყველა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობას, პატენტის მიღებასა და ძალაში შენარჩუნების შესახებ.